ადამიანის ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმები, პროექცია

პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.

 

დღევანდელ რეალობაში, ყველაზე ხშირად ამ ტერმინს ვხვდებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ტესტების სახელწოდებებში – პროექციული ტესტები.

მაგ.: რას ხედავთ?

 

შემდეგ კი ჩამოთვლილია სავარაუდო პასუხები და თქვენი ესა თუ ის პასუხი რას ნიშნავს. ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს, ან რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშიც იმყოფება. ამას ეწოდება ცნონიერი მდგომარეობის (მე როგორც ვიმყოფები აქ და ამჟამად) გაუცნობიერებელი მიზეზებით (მიზეზები, რომლებსაც ვერ ვხვდები) ახსნა.

პროექციის გამოყენებას შესაძლოა შევხვდეთ ორი მიმართულებით: ფსიქოანალიზი და გეშტალტთერაპია. რა უდევს საფუძვლად თითოეულს? რა ვიცით, რომ ჩემს მიერ დასახელებული სურათი არაცნობიერის დონეზე მაინცდამაინც ამას ნიშნავს? ჯერ კიდევ ფროიდი ამ მიმართულებით ატარებდა უამრავ კვლევას, უამრავ ექსპერიმენს, სადაც ათასობით ცდისპირი მონაწილეობდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც ტარდებოდა უამრავი კვლევა, რომელიც მიეძღვნა არაცნობიერის „გაშიფვრას“. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ერთი და იგივე ჩივილის, სიმპტომის, ემოციის, მდგომარეობის მქონე ადამიანი ასახელებდა, ხედავდა ერთსა და იმავე ნახატს, შესაბამისად შეიქმნა გარკვეული შაბლონები. ადამიანთა ჯგუფები დაიყო ქვეჯგუფებად და ა.შ. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, ადაპტირებულ ტესტში, დანახული ესა თუ ის ფიგურა, ხშირ შემთხვევაში, ნიშნავს ამა თუ იმ მდგომარეობას. ჩვენ შესაძლოა ამ მდგომარეობას ვხედავდეთ საკუთარ თავში და/ან შესაძლოა ვერ ვხედავდეთ. არის მესამე ვარიანტიც: შესაძლოა ეს მდგომარეობა სულაც არ იყოს შაბლონის შესატყვისი. მაშინ რა ხდება?

მაშინ, როდესაც დაგროვდა საკმარისზე მეტი მონაცემი იმისა, რომ ფსიქოანალიზის მიერ შემუშავებული შაბლონები სულაც არ არის საკმარისი და არიან ადამიანები, რომელთა მდგომარეობასაც ეს განმარტებები სულაც არ შეესაბამება, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთმა მიმდინარეობამ, რომელსაც გეშტალტთრაპია (იხ.ისტ. http://gestaltinstitute.ge/nav/sub_menu/geshtaltterapiis_istoria.html) ეწოდება გამოთქვა ახალი მოსაზრება და პროექციას მისცა სახეშეცვლილი დანიშნულება. გეშტალტთერაპიის მიხედვით პროექცია არის ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანი საკუთარ მდგომარეობას ასახავს, ანუ აღწერს, წარმოიდგენს, თუმცა შემდეგ მის ინტერპრეტირებას თავადვე ახდენს.

რა როლი და დატვირთვა აქვს პროექციას პიროვნებათაშორის ურთიერთობებში? და რა კავშირშია იგი თავდაცვასთან?

პროექცირებით, იგივე საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გადატანით, ასახვით სუბიექტი ცდილობს გაერკვეს ობიექტის მდგომარეობაში. ანუ გაერკვეს იმ ვითარებაში, რომელზეც ნაკლები ინფორმაცია აქვს და საკუთარი თავისთვის გახადოს მეტად ინფორმაციული, ამ გზით გახადოს მისთვის უსაფრთხო. მაშინ, როდესაც რაღაც ჩვენთვის არის ნაცნობი, ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ჩვენ ვართ მზადყოფნაში. ხოლო როდესაც გარკვეულ მოვლენაზე არ გვაქვს ინფორმაცია იბადება შიში, სიფრთხილე, გაურკვევლობის განცდა და სხვ.

ადამიანი პირველ ეტაპზე ახდენს პროექცირებას, შემდეგ იშველიებს ლოგიკას და მის მიერ დასახელებული მიზეზებიდან იცხრილება ნაკლებად სავარაუდოები. მაგ.: თუ ბავშვი ემბრიონის პოზაში წევს საწოლზე და დედამ შეხედა მას. პირველ რიგში რას იფიქრებს? თავი სტკივა, ან მუცელი, ან სიცხე აქვს, ან ცუდადაა, ან სძინავს, ან დაიღალა, ან ეშინია და ა.შ. ანუ დედა იშველიებს საკუთარ გამოცდილებებს იმის გამოსაცნობად, თუ რა სჭირს ბავშვს, უფრო მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ- ფანტაზიორობს. შემდეგ იშველიებს ლოგიკას და მსჯელობს, დასახელებული მდგომარეობებიდან რომელი უფრო რეალურია.

პროექცია ადამიანს ეხმარება თანაგრძნობა გამოხატოს სხვა ადამიანის მიმართ, შევიდეს სხვა ადამიანის მდგომარეობაში, რასაც ემპათია ეწოდება. გამოდის, რომ პროექცია ადამიანს ხელს უწყობს გაიცნოს საკუთარი თავი და ივარაუდოს სხვა ადამიანის ბიო-ფსიქო-ემოციური მდგომარეობები.

ავტორი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიური ცენტრის “იდილიას” თანამშრომელი ანასტასია მარღანია.

ამ საიტზე საინტერესო პროექციული ტესტებია

https://psi-technology.net/psytest/tag/projective/