როგორ ყალიბდება მშობლისა და ბავშვის ურთიერთდამოკიდებულება ადრეულ ასაკში? ეს ურთიერთობა შემდგომში გადამწყვეტ გავლენას ახდენს ადამიანის მთელს ცხოვრებაზე. თუმცა არც ისე ბევრი მშობელი აცნობიერებს ამას.
ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და მისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო უნდა. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირია, როცა მშობელი, თავისდა უნებურად, შვილს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. შემდგომ, ზრდასრულს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა ღრმა ბავშვობაში მიღებული და ქვეცნობიერში აკრძალვებად თუ დესტრუქციულ დირექტივებად ჩამოყალიბებული შეხედულებები გადალახოს.
რა უნდა იცოდეს მშობელმა ბავშვის ფსიქიკის შესახებ, რათა მისი შვილი შინაგანად თავისუფალ და პოზიტიურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს?
ჩვილისა და მშობლის ურთიერთდამოკიდებულება
როგორ იწყება ბავშვის განვითარება?
ბავშვის განვითარება იწყება მუცლად ყოფნის პერიოდიდან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის არაცნობიერში ილექება ყველა ის ინფორმაცია, რაც მის თავს ხდება ჩასახვიდან 9 დღის შემდეგ. განვითარება მიმდინარეობს და პირველი ბუნებრივი კრიზისი, ბარიარი, რომლის გადალახვაც უწევს ბავშვს და დედას ესაა სამშობიარო გზების გავლა. ამ პროცესის გავლაზე არის დამოკიდებული ბავშვის ფსიქოლოგიური სიძლიერე, სიჯანსაღე, მისი დამოკიდებულება დედასთან და დანარჩენ სამყაროსთან.
შესაბამისად, სამშობიარო გზების ბუნებრივად გავლას. არა მარტო ბუნებრივად, არამედ „წარმატებულად“, კარგად გავლას დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ზრდასრულობის პერიოდში საკმაოდ ბევრი პრობლემის სათავე სამშობიარო გზების ტრამვებთან არის ხოლმე დაკავშირებული.
რა ხდება 0-2 წლამდე ასაკში?
როდესაც ვსაუბრობთ ამ ასაკის ბავშვზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ 3 საკითხზე: ნდობა, აღქმა და გამოხატვის უნარი.
ნდობა ეს ის საკითხია, რომელიც 1 წლის ბავშვის პირველ კრიზისულ პერიოდად ითვლება. რამდენად ენდობა იგი მშობლებს, სამყაროს, ირგვლივ მყოფ ადამიანებს.
პიროვნების განვითარების ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სწორედ ამ კრიზისის წარმატებით თუ წარუმატებლად გადალახვაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად ენდობა ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სამყაროს. ამ საფეხურზე ყალიბდება ნდობისა და უნდობლობის ცნება, განცდა, რომელიც გაუცნობიერებლად თან სდევს ადამიანს.
ბუნებრივია, ჩვილისთვის სამყაროს აღქმა და ნდობა იწყება საკუთარი მშობლების აღქმითა და ნდობით. შესაბამისად, იგი ენდობა მშობლებს იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ თავს და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა.
აღქმა. ამ ასაკის ადამიანი სამყაროს აღიქვამს მთლიანობაში და უჭირს ერთი მთლიანობიდან დეტალების, მისი შემადგენელი ელემენტების გამოცალკავება. მაგ.: 1.5-2 წლის ბავშვს თუვთხოვთ გვაჩვენოს თვალი, ის მიიდებს ხელს თავზე. ამ ასაკში სწავლობს, თუ როგორ გამოაცალკევოს ერთი მთელიდან დეტალები. სწორედ ამ მიზეზის გამო ბავშვებს უჭირთ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს. მაგ. სუფი, სოუზი და ა.შ. სპეციალისტები მშობლებს ვურჩევთ, რომ გაგებით მოეკიდონ ამ პერიოდს და ეცადონ ერთი მასის, ერთი ფერის საკვები მისცენ ბავშვებს.
ხოლო მაშინ, როდესაც ბავშვს უჭირს გარკვეული, მისთვის სასარგებლო პროდუქტის მიღება. ამ პროდუქტს შეურჩიონ შესაბამისი შეფერილობის ჭურჭელი. მაგ.: კიტრი დავუდოთ მწვანე თეფშზე, სტაფილო – ყვითელ თეფშზე. ამ მეთოდით ბავშვს გაუჭირდება საკვები პროდუქტის გამოცალკავება და შედარებით მარტივად მიირთმევს მას.
1-2 წლამდე ბავშვი სწავლობს სივრცეს. სივრცეს სწავლობს განმეორებადი ქცევით: აგდებს სათამაშოებს, ცდილობს ავიდეს და ჩამოვიდეს სიმაღლიდან, ხელს ადებს ყველაფერს, რაც ირგვლივაა, განსაკუთრებული ინტერესი აქვს იმ საგნების მიმართ, რომელთან მისვლაც ეკრძალება (მაგ.: უთო, ცხელი ჩაიდანი, ელექტოობა და ა.შ). სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვს დაუკმაყოფილონ ინტერესი. მაგ. ისეთ ჩაიდანზე მიადებინეთ ხელი, რომელიც ცხელია, თუმცა არა იმდენად რომ ხელი დაწვას, ასევე ელექტროღუმელთან და ა.შ. ჯობია თქვენთან ერთად დაიკმაყოფილოს ინტერესი, ვიდრე თვენგან უკითხავად დაიწვას ხელი ჩაიდანზე და იმდენად დიდი სტრესი მიიღოს, რომ ცივ ჩაიდანზე ხელის მიდებაც კი ეშინოდეს.
გამოხატვის მეთოდი. 2-3 წლამდე ასაკის ბავშვი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ რას ხედავს, რას გრძნობს. იგი სარკისებულად აისახავს მის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მისი ვერბალური თუ არავერბალური ნაწილი მთლიანად იმის ასახვაა, თუ როგორ და რას ესაუბრებიან, იქცევიან მის ირგვლივ არსებული ზრდასრულები. შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვის ტერმინოლოგიას, მის მიერ გამოყენებულ სიტყვებს მივაქციოთ ყურადღება, არ იქნება სწორი. ამ ასაკისთვის ბავშვი გაუაზრებლად იმეორებს იმას, რასაც ხედავს და რაც ესმის.
ბავშვის ქცევა და მშობლის რეაცია
საკითხის მეორე მხარეა, თუ რა რეაქცია გვაქვს ბავშვის ამა თუ იმ სტიმულზე. დასწავლის, შემეცნების ეტაპი საკმაოდ საინტერესო, თუმცა თავის მხრივ რთულია. მშობელს უწევს ბავშვის ერთი და იგივე ქცევის დღეში რამდენჯერმე დანახვა, მოსმენა. ეს იქნება კითხვა, ქცევა, თამაში თუ ა.შ. ხშირად მშობლებს არ გვყოფნის ნერვები იმისათვის, რომ „გავუძლოთ“ ამ გამოწვევას და მივმართავთ ისეთ რეაქციებს, როგორიცაა: ბავშვის კომპიუტერთან, ტელევიზორთან დასმა, მისი ქცევის, კითხვის უყურადღებოდ დატოვება და/ან დასჯა, გაბრაზება.
თითოეული ჩვენი რეაქცია სხვადასხვანაირად აღიქმება ბავშვის ცნობიერში თუ არაცნობიერში. ჩვენმა არასწორმა რეაქციამ ბავშვში შესაძლოა გამოიწვიოს დანაშაულის გრძნობა, დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების განცდა, ჩაკეტილობა, უსუსურობის განცდა, სიმარტოვის შეგრძნება და ა.შ.
თანამედროვე ადამიანის ნერვული სისტემა საკმაოდ მგრძნობიარეა აღნიშნულ გამღიზიანებელზე და საკმაოდ ადვილად ღიზიანდება.
ეს ფაქტი ხდება იმის მიზეზი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ მოვისმინოთ ბავშვის ტირილი, ისტერიკები, სიჯიუტე და სხვა ქცევა.
სასურველია მშობელმა დაიცვას ოქროს ზღვარი და დარჩეს მშობლის პოზიციაში, რომელსაც აქვს გარკვეული უფლებები, მოვალეობები და ამავე დროს ბავშვს მისცეს სივრცე იმისათვის, რომ მან განახორციელოს სხვადასხვა ექპერიმენტი.
მშობლის როლი და მისი პოზიციები
ხშირად მოგვმართავენ მშობლები კითხვით, თუ რატომ არ უჯერებს მათ ბავშვი? რატომ არ ესმის მშობლების? გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები, ძირითდად, გვაქვს ისეთი სახის ურთიერთობებში, სადაც არეულია როლები. მშობელს სურს იყოს იდეალური მშობელი და ამისათვის ირგებს მეგობრის, თანატოლის, მასწავლებლის და კიდევ სხვა როლებს.
განზრახვაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ბავშვი ვერ ახერხებს ამ ყველა როლის აღქმას ერთი ადამიანისგან და იბნევა. მას სჭირდება ერთი კონკრეტული როლი და ამ როლის შესაბამისი ქცევა. ამ შემთხვევაში ის ახერხებს მიიღოს კონკრეტული „დაკვეთა“ და შეასრულოს იგი. მშობელი კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მოსიყვარულე, მზრუნველი, დირექტიული, დამრიგებელი და ა.შ. ამ ყველა ქცევის განხორციელება მშობლის პოზიციიდან ბავშვისთვის გასაგებია და მას შეუძლია ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს.
მშობლის ერთ როლში ყოფნა სულაც არ არის საკმარისი ბავშვთან ეფექტური დიალოგისთვის. ასევე უნდა გავითავალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: რამდენად გასაგები იქნება ჩვენი საუბარი ბავშვისთვის (ასაკის შესაბამისად), რამდენად გასაგების ჩვენი მესიჯი, თუ რა გვინდა, რამდენად ემთხვევა ჩვენი სიტყვები ჩვენს ემოციას, რას და როგორ ვიყენებთ წასახალისებლად და ა.შ.
კონფუენცია ანუ შერწყმა მშობელსა და შვილს შორის
ორი ადამიანის დაახლოებისთვის, მათი გაცნობისთვის აუცილებელია კონფლუენცია, ანუ მათი შერწყმა. შერწყმა ნიშნავს სურვილები, მოთხოვნილებები, განცდები შერევას, გადაფარვას, შეიძლება ითქვას აღრევასაც. ეს არის ურთიერთ შექცევადი პროცესი.
შერწყმა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ახლო ურთიერთობაში, თუმცა ყველაზე კარგად შეგვიძლია დავინახოთ მშობლისა და ჩვილის ურთიერთობაში. ამ ურთიერთობაში ხშირად აღმოვაჩენთ, რომ დედა გრძნობს, თუ როდის შია, სტკივა, სცივა ჩვილს და მსგავს ფაქტს. კონფლუენციის დროს ადამიანს საკუთარი თავი გაიგივებული აქვს სხვის მოთხოვნილებებთან, სურვილებთან. თითქოს თავად არ არსებობს.
კონფლუენცია არის ადამიანის ერთ-ერთი თავდაცვითი მექანიზმი იმისათვის, რომ გარკვეულ სიტუაციაში შეძლოს არსებობა. ჩვილისათვის ეს სიტუაცია 1 წლის შემდეგ იწყებს კლებას.ეტაპობრივად, სულ პატარა ნაბიჯებით ცდილობს დაარღვიოს ეს სიმბიოზური მდგომარეობა. დაინახოს საკუთრი თავი დედისგან დამოუკიდებელ არსებად და განვითარდეს. ამ პროცესში იმატებს კონფლიქტები.
რა არის კონფლიქტი? და რა დატვირთვა აქვს მას?
კონფლიქტი ბევრნაირად განიმართება, თუმცა მე გამოვიყენებ შემდეგ მეტაფორას: კონფლიქტი არის შეხების წერტილი, სადაც ჩემი საზღვრები ეხება მეორე ადამიანის საზღვრებს.
ფსიქოლოგია განიხილავს ორი სახის კონფლიქტს: შემაერთებელს და დამანგრეველს.
კონფლიქტები, რომლებიც მოგვარებადია, დაძლევადია, მათ აქვთ განმავითარებელი ფუნქცია. ისინი ადამიანს ეხმარებიან გამოვიდნენ შერწყმიდან, განვითარდნენ დამოუკიდებელ პიროვნებად და ადაპტირდნენ სოციუმში. იქ, სადაც არასდროს არაა კონფლიქტი საქმე გვაქვს ან კონფლუენციასთან ან იზოლაციასთან. ან ვერ ხვდება ადამიანი, რომ იმყოფება ვინმესთან შერწყმაში, ან იმდენად იზოლირებულია, რომ შეხების წერტილი არ აქვს სხვა პიროვნებასთან.
მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში კონფლიქტი ხშირია. დასაწყისში ეს შეიძლება გამოვლინდეს მანიპულაციაში, სიჯიუტეში, ისტერიკებში, ხოლო შემდეგ აზრთა, შეხედულებათა უთანხმოებაში.
თავისთავად კონფლიქტი, ჯანმრთელი, განვითარებადი პროცესია. მთავარია ჩვენ როგორ გამოვიყენებთ მას.
სტატიის ავტორი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ანასტასია მარღანია
ანასტასია მარღანიას შესახებ: ფსიქოლოგი/psychologist в იდილია – ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი, ფსიქოლოგი вფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
საუბრები ფსოქოლოგიაზე და არა მხოლოდ. თამარ ადორნელის “თავისუფალი დრო” ტვ ობიექტივზე პარასკევობით 13.30