ვინ იყვნენ რინდები? ლაშა–გიორგის ისტორია

რინდებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ აღმოსავლეთის ისტორიაში. ისინი ხშირად გვხვდებიან აგრეთვე აღმოსავლური პოეზიის ფურცელებზე. ქარველი მკითხველისთვის უცნობი როდია მათი სახელი.

რინდების ვინაობა სხვადასხვა ასპექტით არის გაშუქებული როგორც ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში (ი. ჯავახისვილი, ვ. გაბაშვილი, ე. ჯაველიძე), ასევე _ მხატვრულ ლიტერატურაში (,,ლაშარელა”). მაგრამ საკითხი ამოწურულად არ შეიძლება ჩაითვალოს და კვლავ იმსახურებს ყურადღებას, დაინტერესება რინდების ასავალ-დასავალით სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობენ ,,ქართლის ცხოვრების” ერთ ფრიად საგულისხმო ეპიზოდში.ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს ლაშა-გიორგის შესახებ: ,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და წესთა მასწავლელნი, შეიყუარნა თანამოსაჰაკენი მოსმურობათა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა, რომელ ესეოდენ უსახურებად მიიწია, რომელ ოდესმე მსმელი ფრიადისა ღვინისა თაფლუჭისა, ტფილისს მყოფი, წარიყვანეს რ ი ნ დ თ ა თანა, რათა მუნ განძღონ სიბილწე თვისი. ხოლო რ ი ნ დ ნ ი, მეფისა მისლვასა არ მგონებელნი და ღვინით უცნობო-ქმნილნი, ზედა მიეტევნეს მგუემელნი ძლიერად ვიდრემდე ერთიცა თუალი მარჯუენე ხედვისაგან უხედვო ყვეს”.ჯამთააღმწერლის მიხედვით, ამ ეპიზოდს ის მოჰყვა შედეგად, რომ საქართველოს სამეფოს დიდებულებმა, და განსაკუთრებით_ივანე მხარგრძელმა და ვარამ გაგელმა, მკაცრი ულტიმატუმი წაუყენეს ლაშა-გიორგის: ვეღარ მოვითმენთ შენს მეფობას, თუ ,,ბოროტთა კაცთა” არ განუდგებიო. ქართველი მემატიანე გვარწმუნებს, მეფემ მოინანია თავისი შეცდომები და ფიცი მისცა ვეზირებს, თქვენს დაუკითხავად ნაბიჯს აღარ გადავდგამო.ვინ იყვნენ ეს რინდები, რომელთაც წრეში ქართველი მეფის ყოფნა საძრახის და სამარცხვინო მოვლენად მიაჩნია ჟამთააღმწერელს?,,რინდ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, მსმელს, თავზე ხელაღებულ ლოთი-ფოთს (ესაა ძირითადი მნიშვნელობანი). ჟამთააღმწერლის ცნობის შინაარსიც თითქოს ემთხვევა ასეთ განმარტებას და მაშინ ბუნებრივია მისი აღშფოთება ლაშა-გიორგის მიერ ჩადენილი ,,უსახურების” გამო. მაგრამ შეცდომა იქნებოდა, რომ ჩვეულებრივ ლოთებად წარმოგვედგინა ზემოხსენებული რინდები. აღმოსავლურ სამყაროში დიახაც დაცინვითა და ზიზღით ეძახდნენ ასე, მაგრამ თვით ,,რინდები” ამაყად ატარებდნენ შერქმეულ სახელს და სრულიად სხვა მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რინდი, მათი გაგებით ნიშნავდა ვაჟკაცსა და დარდიანს, კეთილშობილსა და პატიოსან ადამიანს. ეს მშვენივრად ჩანს აღმოსავლური პოეზიის ნიმუშებიდან…სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟამთააღმწერლის მიერ უდიერად მოხსენიებულ რინდთა რიცხვს მიეკუთვნება XIV საუკუნის სახელოვანი სპარსელი პოეტი ჰაფეზი. იგი წერდა: ,,როდესაც ჩაუვლი ჩემს საფლავს, სიყვარულით დაიჩოქე. მთელი ქვეყნის ლაღი რინდები აქ მოვლენ სალოცავად”.ლაშა-გიორგი და ჰაფეზი… ქართველი მეფე და სპარსელი პოეტი… დროსა და სივრცეს რომ არ დაეშორებინა ისინი, ვინ იცის ეგებ შეხვედროდნენ ერთმენეთს რინდების წრეში.რინდის სახეს ღრმა გენეტიკური ფესვები მოეპოვება აღმოსავლეთის საზოგადოებრივ და კულტურულ ისტორიაში. მისი ჩანასახი ჩნდება ჯერ კიდევ X საუკუნის არაბული პოეზიის ფურცლებზე. ეს სახე ჰაფეზმა დახვეწა და მაღლა ატყორცნა როგორც სიმბოლო ამაყი და თავისუფალი ადამიანისა.

ჰაფეზის სიტყვით, ბოროტებითა და მაცდურობით აღვსილ წუთისოფელში უსამართლოდ აღზევებულ ბრიყვთა და რეგვენთა ზეიმია, ხოლო ბრძენთ მათ წინაშე სამათხოვროდ გაუწვდიათ ხელი. არაბულ მერმებს ზურგზე ვირის კურტანი ადგათ, ბნელი სიმდაბლე ცხოვრების კანონად გადაქცეულა და ქერის ერთ მარცვლად აღარ ფასობს მგოსნის სიმღერა. მაგრამ ჰაფეზი არ მისდევს მუხთალი წუთისოფლის წესსა და რიგს (,,ო, გულო ჩემო, არ გაიკარო მხვეჭელობა და სიხარბე მგლური”). მისთვის სულ ერთია, რას იტყვიან სხვანი. თავისი დაძონძილი მოსასხამი ურჩევნია სულტნის ზიზილ-პიპილებს.ჰაფეზის ლექსებში ხშირად შეხვდებით რინდს _ უსახლკარო მოქეიფეს, უდარდელსა და ენამახვილს. ეს გახლავთ პოეტის დადებითი გმირი და თვითონაც ეხალისება რინდობა (,,რინდებს და თავზე ხელაღებულებს ღამეს ვუნათებ, როგორც სანთელი”). ჰაფეზი უმოწყალოდ დასცინის საზოგადოების უხამს კანონებს; სარკაზმითა და რისხვით მოიხსენიებს ზნეობის დამცველ მუჰთასიბებს, ვერცხლისმოყვარულ მუფთიმებს, მოსსყიდულ მსაჯულებს, ამპარტავან დიდმოხელეებს, მატყუარა იმამებსა და მოლებს _ მათი თვალთმაქცური ლოცვებითა და ბინძური საქმეებით, დედამიწაზე დამყარებული ჯოჯოხეთითა და ზეცაში აღმართული სამოთხით. ხოლო ფარისევრული მორალით შებორკილ საზოგადოებას უპირისპირდება რინდი _ არწივივით ლაღი, გულითა და გონებით მდიდარი, ერთგული მეგობარი, შმაგი მიჯნური.ადამიანური სიყვარულის ქებათა-ქება ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიყვარულის ქადაგებას. ჰაფეზის მიხედვით, სატრფოს სიყვარულს მოჰყვება განთავისუფლება მიწიერ თუ ზეციურ მეუფეთაგან. სიყვარულის თემასთან მჭიდროდ არის გადახლართული ღვინის თემა. კულტი მაჰმადიანთათვის აკრძალული ღვინისა მკრეხელობას წარმოადგენდა მორწმუნეთა თვალში. ხშირად იმოწმებენ ხოლმე ფრანგი ირანისტის ჯ. დარმსტეტერის სიტყვებს იმაზე, რომ სპარსულ პოეზიაში ღვინის სმა ესაა ამბოხი მიმართული ყურანის წინააღმდეგ, ფარისეველთა წინააღმდეგ, სარწმუნოების მიერ ადამიანის ბუნებისა და გონების დათრგუნვის წინააღმდეგ.ჰაფეზიც სვამს და ხან ღვინით თვრება, ხანაც_სიყვარულით (,,ჰაფეზ, არც ერთი წამი უღვინოდ, არც ერთი საათი უსიყვარულოდ!”); სვამს დააღიზიანებს თავისი დროისა და მომდევნო საუკუნეთა ფარისევლებს. მას ეამაყება სახელი მეამბოხე რინდისა, რომელიც ამსხვრევს ისლამის მიერ კვარცხლბეკზე აღმართულ ფეტიშებს. რინდს არ ხიბლავს აღთქმული სამოთხის მაცდუნებელი სილამაზე და დაცინვით მიმართავს მოაწმუნე ასკეტს: სამოთხეში ნუ მეპატიჯები, ეგ ჩემი ხვედრი არ არისო. შენ წილად გერგო ღვთისმოსაობა, ლოცვა და კანონი, მე კი ღვინის სარდაფში წავალ, იქაც ტაძარია, ოღონდ სხვაგვარად ლოცულობენო (,,მოდი და შევსვათ იმდენი ღვინო, რომ თავს დაგვექცეს მთელი სამყარო.”)ჰაფეზის შემოქმედებით თანაბრად ტკბებოდნენ მეფენიც და გლახაკნიც, სწავლულნიც და უსწავლელნიც. მის ლექსებში ყველა იმასპოულობდა, რასაც ეძებდა. აღმოსავლელი კომენტატორები ჰაფეზის თითქმის ყოველ სტრიქონში მისტიკურ შინაარსს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ ჰაფეზის მიერ ვნებიანი შტრიხებით დანახული სატრფო ესაა ღმერთი, ხოლო ღვინო_სულიერი ექსტაზია, რომელსაც ეძალება ადამიანი, რათა მიაღწიოს სანატრელ შეერთებას ღმერთთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპელ მკვლევართა ერთი ნაწილი სავსებით უარყობს ჰაფეზის შემოქმედებაში სუფიურ განწყობილებათა არსებობას და მისი ჰედონიზმი რეალური ცხოვრების მრწამსად მიაჩნია.

ჰაფეზი ამბობს: გათავდა მარხვა და მოვიდა გაზაფხული. გაიარა ფიცისა და პირმოთნე ლოცვათა ჟამმა. დგება ჟამი რინდებისა_მხიარული ჟამი. ტკბებიან რინდები სიმღერითა და ღვინით. რა არის დანაშაული მსმელთა? რა ბრალი მიუძღვით? სჯობს იყო ალალი რინდი, ვიდრე ფარისეველი, შავ სინდისს რომ მალავს. ჩვენ ასკეტები არა ვართ, ლაღი რინდები ვართ. ჭეშმარიტების ცოდნა_აი, ჩვენი ერთადერთი საიდუმლო. არაფერს ვუშავებთ არავის. სჯობს ღვინის მსმელი იყო, ვიდრე სისხლის მსმელი! (საბჭოთა ირანისტი ი. ბრაგინსკი ასკვნის, რომ ჰაფეზის მთელ შემოქმედებას წითელ ხაზად გაჰყვება პროტესტი არსებული წყობის წინააღმდეგ და ოცნება ნათელ მერმისზე. რინდები ამიტომაც ხდებოდნენ ხოლმე სოციალურ მოძრაობათა აქტიური მონაწილენი).ჰაფეზის პოეზიამ შთააგონა გოეთეს შეექმნა თავისი ‘დასავლურ აღმოსავლური დივანისა~, რომლის მეორე ნაწილს ეწოდება ‘ჰაფეზის წიგნი~. ვაიმარელი ბრძენი ასე მიმართავს შირაზელ პოეტს: არც დასაბამი გაქვს, არც დასასრული_მარადისობის დარად. ნეტავი, შენი ხვედრი მარგუნა! ჰაფეზ, ვიქნები ჩვენ მეგობრები. ცხოვრების ჭირსა და ლხინში შენთან ერთად შევიცნობ სიყვარულსა და თრობას…როდესაც საბჭოთა პოეტების დელეგაციამ ირანში ყოფნისას მოინახულა ჰაფეზის აკლდამა_მუზეუმი, მათ მიართვეს შირაზელი პოეტის ვეება ტომი, მწვანე ტარსიკონის ყდა რომ ჰქონდა გადაკრული,და საბჭოთა სტუმრები, აღმოსავლური ჩვეულებისამებ, შეუდგნენ ‘წიგნზე მკითხაობას~. ერთმა მათგანმა შემთხვევით გადაშლილ გვერდზე ამოიკითხა შემდეგი: ‘მე მოვდიოდი შენს შესახვედრად, გადმოვიარე უდაბნო და მაღალი მთები. ჩვენ ერთი სისხლისანი არა ვართ, ჩვენ ერთი ენა არა გვაკვს, მაგრამ გული ეხმია გულს~….რინდებს მარტო ჰაფეზის ლექსებში როდი ვხვდებით.XII საუკუნის სპარსელი პოეტი სანაი თავს მიიჩნევდა რინდად და ასე მიმართავდა ზნეობის მეთვალყურე მუჰთასიბს: რა გესაქმება ჩვენს ზარხოშAუბანთან, რა დაგიშავეს სევდით შეპყრობილმა მიჯნურებმა?XIII საუკუნის სპარსელი პოეტი ჯელალ ედ-დინ რუმი აცხადებს: ‘ტრფობისაგან მთვრალი მივენდე რინდებს… და მეც რინდი ვარ’მომხიბვლელად ელვარებს თავისუფლების მოტრფიალე რინდის სახე XVI საუკუნის თურქი პოეტის რუჰი ბაღდადის შემოქმედებაში. მისი სიტყვით სიყვარულით გახელებული რინდები მწუხარების მტვრით დაფარულ ქვეყანაზე მგორავი მარგალიტები არიან, რომლებიც არად აგდებენ მუხთალი ბედის სიბნელეს, რადგანაც სიყვარულის მზით არიან გასხივოსნებულნი…ცხადია, რინდებისათვის ღვინოცა და სიყვარულიც ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა იყო, წვდომა უხილავი სინათლისა და შეურყვნელი ჭეშმარიტებისა; ძიება სხვა ღმერთისა, რომელიც არ ჰგავდა მაჰმადიანი მოლებისა თუ ქრისტიანი ხუცების ყბადაღებულ ღმერთს.აღმოსავლური პოეზიის მასალების მიხედვით ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთის ქალაქებში არსებობდა ‘რინდების უბანიც”, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ სხვადასხვა გვარისა და სარწმუნოების მიუსაფარნი: ქრისტიანები, იუდეველნი, ზოროასტერლნი, მანიქეველნი, მრავალნაირი ერეტიკოსნი ისლამისა, მოხეტიალე დევრიშები, მელექსენი და მუტრიბნი.რინდაბი XIII საუკუნის თბილისშიც ცხოვრობდნენ. ამას ნათლად მეტყველებს ჟამთააღმწერლის ცნობა.ქართული სიტყვა ‘გარინდება~, ალბათ, სულიერი ექსტაზით შეპყრობილი რინდის სახემ წარმოქმნა (ვგონებ, პ. ინგოროყვას გარდა, არავის აღუნიშნავს ეს ანდა იმდენად უეჭველია, რომ აღარც ჩაუთვლიათ მსჯელობის ღირსად. ამას გვაფიქრებინებს ვახუშტი კოტეტიშვილის მოხდენილი თარგმანიც ჰაფეზიდან: ‘…გზად ვინმე რინდი შეჰყრია, პირად გარინდებული~).მაგრამ რა ესაქმებოდა ქართველ მეფეს რინდაბთან?ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა; ‘უეჭველია, ლაშა-გიორგი სამეფო ტახტის მპყრობელთა შორის თავისი ადამიანური თვისებებით არაჩვეულებრივ პიროვნებად მოჩანს”.მართლაც, ჟამთააღმწერელი ერთობ კოლორიტული შტრიხებით გვიხატავს თამარის მემკვიდრის პორტრეტს.როგორც ცნობილია, გველის ციხეში ყოფნისას ჭაბუკი მეფე ერთი გათხივილი ქალის მშვენებას ისე მოუხიბლავს, რომ თავისი გრძნობა ვეღარ დაუმორჩილებია და ცოლად წაუყვანია იგი. ქართული სახელმწიფო სამართალი უკრძალავდა მეფეს თავისივე ქვეშევრდომი ქალის შერთვას. მაგრამ სიყვარულის დაუოკებელი გრძნობა სახელმწიფო სამართლის დებულებაზე ძლიერი გამოდგა. მეფისაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ველისციხელი ქალის გაგდებასა და კანონიერი ცოლის შერთვას, რათა სამეფოს ჰყოლოდა კანონიერი ტახტის მემკვიდრე. ლაშა-გიორგი კი ვერაფრით თმობდა თავის სატრფოს და სხვა ცოლის გაგონებაც არ სურდა (‘მიჯნური შმაგისა გქვიან არაბულითა ენითა”). სამღვდელოება ჰკიცხავდა მეფეს და აფრთხილებდა, მსიძავნი და მემრუშენი ღვთის სასჯელს ვერ ასცდებიანო. აფრთხილებდნენ და შეახსენებდნენ ბიბლიური დავითის სიყვარულის ისტორიას… ლაშა-გიორგისაც უკვე ჰყავდა შვილი ველისციხელი ქალისაგან, მაგრამ მოსალოდნელმა ღვთის სასჯელმა ვერ შეაკრთო ახალგაზრდა მეფე. მაშინ უმაღლესმა სამღვდელოებამ უკიდურეს ზომებს მიმართა: ‘წარგუარეს ქალი იგი, დედა დავითისი, და ქმარსავე მისსა მისცეს”. მაგრამ ლაშა-გიორგი თავისი სატრფოს ერთგული დარჩა და სხვა ცოლი აღარ მოუყვანია.საერთოდ, ქართულ წყაროებში იშვიათია მეფეთა სამიჯნურო რომანების გადმოცემა, ლაშა-გიორგის ამბავი სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს. ჟამთააღმწერლის თხრობა ადამიანური უბრალოებით ამდიდრებს თამარის მემკვიდრეს. საქართველოს მეფეც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივად უძგერდა გული.გაუგონარი რამ იყო ლაშა-გიორგის სურვილი გადედოფლება ველისციხელი ქალისა. ამიტომაც უკიჟინებდნენ: ,,ვითარ ეგების თამარ მეფისა ძესა ესვას ცოლად გლეხთა ასული?” (ანალოგიური სიტუაციები ჩვენშიაც ყოფილა და სხვაგანაც, შორეულსა თუ ახლო წარსულში).ქართველმა მეფემ თამამი გამოწვევა ესროლა ფეოდალურ-კლერიკალურ წრეებს და ზურგი აქცია ტრადიციას. ‘აღტაცებულ იქმნა გულისთქმათა მიერ~, _ როგორც გვამცნობს ჟამთააღმწერელი. და მაინც არ ეწერა პირადი ბედნიერება სამეფო ტახტის მპყრობელს. თავისუფლად მოაზროვნე მეფე უძლური აღმოჩნდა სამღვდელოების წინაშე. თავისი დოგმების გასამარჯვებლად არაფერს შეეპუებოდნენ ფანატიკოსი ღვთისმსახურნი, რომლებმაც ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის გამეფებამდე გამართეს ის სარწმუნოებრივი პაექრობა (,,სამარცხვინო და შემაძრწუნებელი შეცილება” _ ივანე ჯავახიშვილის სიტყვით), დაწვრილებით რომ არის აღწერილი ,,ქართლის ცხოვრებაში”. თურმე კათალიკოსმა მართლმადიდებლობის გამოსაკვლევად და გადასაწყვეტად იმაზე უკეთესი ვერა მოიფიქრა რა, რომ სეფისკვერი (სხვა ვერსიით _ ,,წმინდა კრავი”) სამი დღის ნაშიმშილარი ძაღლისათვის მიეგდო და რომელი სარწმუნოების სეფისკვერსაც შეჭამდა ძაღლი, ის სარწმუნოება გამოეცხადებინა ცთომილად.,,კალმასობის” ავტორი იოანე ბატონიშვილი გვაუწყებს, რომ სამღვდელოებას ლაშა-გიორგის მეფობაშიც განუზრახავს იმავე ექსპერიმენტის ჩატარება. მაგრამ ახალგაზრდა მეფეს უთქვამს კათალიკოსისათვის: ,,არა, მამაო, უკეთუ მე მაშინ დავსწრებოდი, არამცა მექნევინებინა საქმე ესე, ვინაითგან საშინელ და შემაძრწუნებელ არს ესე”. მიუხედავად ამისა, ლაშა-გიორგი მაინც იძულებული გამხდარა ნება დაერთო სარწმუნოებრივი პაექრობისა, ოღონდ მისივე დაჟინებით უფრო ესთეტიკური ფორმა შეურჩევიათ მართლმადიდებლობის დასადგენად დამშეული ძაღლების ჩარევის გარეშე (იოანე ბატონიშვილის ცნობები მისი თხზულებიდან ‘ისტორია ქართლისა ვრცლად არის განხილული და ნდობის ღირსად მიჩნეული კორნელი კეკელიძის ნაშრომში ‘ახალი ლიტერატურული წყაროები ლაშა-გიორგის ისტორიისათვის)…….ღვთისმსახურებს Dიეშიერი ძაღლის სამსჯავროზე გაჰქონდათ თავისი სარწმუნოების ჭეშმარიტება. რინდების ერთადერთ სარწმუნოებას წარმოადგენდა ჭეშმარიტება.მიმზიდველი იყო მათი ლაღი ცხოვრება და მეამბოხე სული. რინდები არ ემორჩილებოდნენ ცისა თუ ხმელეთის მეიფეებს, უსახლკარონი იყვნენ და მთელი ქვეყანა თავის სახლკარად ეგულებოდათ, უქონელნი იყვნენ და ყველაზე მდიდრებად მიაჩნდათ თავი. საქართველოს მეფე, პატრონი ქალაქებისა და სასახლეებისა, მბრძანებელი ყმათა დალაშქართა, დათრგუნეს ფეოდალური საზოგადოების ულმობელმა კანონებმა, რომელთაც არაფრად აგდებდნენ რინდები.ათაბაგ-რეგენტობის ჟინით შეპყრობილ დიდვეზირთა, თავკერძა ფეოდალთა და ფანატიკოს ღვთისმსახურთა გარემოცვაში მოქცეული მეფისათვის რინდებთან ყოფნა დროებითი გაქცევა იქნებოდა სამეფო კარზე გაბატონებული სულისშემხუთველი ატმოსფეროდან.

ლაშა-გიორგი თავისებურად მისდევდა მამა-პაპათა ტოლერანტულ პოლიტიკას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია იმდროინდელი ქართველი მეფეების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება საქართველოს სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მაჰმადიანთა მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებელი, თავის სასახლეში რომ იწვევდა მაჰმადიან სწავლულებსა და თეოლოგებს სადისკუსიოდ, ანდა გულმოდგინედ რომ ზრუნავდა მაჰმადიან პოეტებსა და სუფიებზე.რაც შეეხება რინდების მიერ ლაშა-გიორგისათვის მარჯვენა თვალის გამოთხრას, ეს ფაქტი არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ჩოგანბურთის თამაშისას მეფეს თვალში მოხვედრია მეტოქის ჩოგანი. თითქმის მთელი თვე მკურნალობდნენ, მაგრამ ცალ თვალში მხედველობა მაინც დააკლდაო. ავტორი იქვე დასძენს, ლაშა-გიორგის თავისი მეტოქისათვის ერთი ურიგო სიტყვაც არ უკადრებიაო.XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ამ ეპიზოდის წყაროდ ასახელებს მღვდელმონაზონ იოსებ გამრეკელის ძის თხზულებას, რომელიც დღესდღეობით უცნობია ჩვენთვის (აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე ბატონიშვილის მიხედვით, ლაშა-გიორგის სატრფო, სახელად სუსანა, გათხოვილი ქალი არა ყოფილა, როგორც ამას ამტკიცებს ჟამთააღმწერელი).რომელს უნდა ვერწმუნოთ, ჟამთააღმწერელს თუ იოანე ბატონიშვილს?ქართულ ისტორია გეოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჟამთააღმწერელი ტენდენციურად არის განწყობილი ლაშა-გიორგისადმი. XIV საუკუნის ქართველი მემატიანე ცდილობს აგვიხსნას მიზეზი საქართველოს ძლიერი სამეფოს დაქვეითებისა და გვთავაზობს ყველაზე მარტივ განმარტებას, რომელიც ემყარება შუა საუკუნეებში გავრცელებულ თეოლოგიურ კონცეფციას _ ყოველგვარი უბედურება ამა თუ იმ ხალხის ცხოვრებაში წარმოადგენს ღვთის მიერ დაწესებულ სასჯელს ხალხის უსჯულოებისა და უზნეობისთვის. უფალმა ჩვენი ცოდვების გამო სასჯელად მონღოლები მოგვივლინაო, ვკითხულობთ ქართულსა და სომხურ წყაროებში.ხოლო სპარსელი ისტორიკოსის რაშიდ ად-დინის თხზულებასი ჩინგიზ-ყაენი ასე მიმართავს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას: ‘მე სასჯელი ღვთისა, თქვენ რომ დიდი ცოდვები არ ჩაგედინათ, არც სასჯელი დაგატყდებოდათ თავზე!~ჟამთააღმწერელსაც მონღოლთა გაბატონება საქართველოში და ქვეყნის გაუგონარი აოხრება მიაჩნია განგების რისხვად, რადგანაც “იწყეს უძღებება და განცხრომა ყოველმან ასაკმან და მიიქცის ყოველნი სიბოროტედ”. ღმერთი და სარწმუნოება, სიკეთე და სათნოება აღარავის ახსოვდაო. და უზნეობის უპირველეს ნიმუშად ჟამთააღმწერელს ესახება ლაშა-გიორგის ცხოვრება.მაგრამ ქართველი მეფის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, მოთხრობილი თვით ჟამთააღმწერელის მიერ, აბათილებს ზემოხსენებულ მტკიცებას (მით უმეტეს – იოანე ბატონიშვილის კორექტივის გათვალისწინებით).ანდა როგორ დავარქვათ “უსახურება” ლაშა- გიორგის ნაცნობობას სახელგანთქმული სპარსელი პოეტის წინამორბედ რაინდებთან?”ლომიძალითა და უმანკო გონებითა, მოყვარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა”,– ასე ახასიათებდა ლაშა-გიორგის მისი თანამედროვე ქართველი მემატიანე და დავით აღმაშენებელს ადარებდა გადახდილი ომების გამო.ჟამთააღმწერელს რომ დავუჯეროთ, თამარ მეფის მომდევნო თაობის ღმერთები, თითქოსდა ვენერა და ბახუსი ყოფილან. თავის დროზე, ამასთან დაკავშირებით ზ.ავალიშვილი შენიშნავდა: “ამგვარი შეხედულება უთუოდ შემდეგი მწარე გაჭირვების ნაყოფია და ქრონოგრაფის ზნეობრივ- სარწმუნოებრივი ტენდენციით ასახსნელი. ნამდვილად კი ეს იქნებოდა სიმდიდრესა და უზრუნველყოფაში გაზრდილი, განათლებული, ხელოვნებაში დაწინაურებული და საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება, სწორედ ის, რომლის მგოსანია შოთა რუსთაველი… რა თქმა უნდა, ჩვენი დროისათვის არ არის სავალდებულო ძველ ქრონიკებში მოთავსებული ზოგიერთი ზნეობრივი მსჯელობანი, არც მათი ისტორიის ფილოსოფია. საქართველოს თანდათანი დაცემის მიზეზები და საფეხურნი რთული რამეა, რომლის ახსნა ორიოდე ფორმულით არ შეიძლება”.ზუსტი და ყურადსაღები ნათქვამი გახლავთ და დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, ვინაიდან წარსული საუკუნეების ღირსეულ მოღვაწეთა შეცოდება-შეცდომებს (ტყუილსა თუ მართალს) ზოგჯერ უსაშველოდ აზვიადებენ და ზოგჯერაც, სრულიად უსაფუძვლოდ, ათასი უბედურების მიზეზად სახავენ — ვერც რომ დაესიზმრებოდათ. ხოლო მათ, განკითხულთა და განქიქებულთ, პასუხის გაცემა არ ძალუძთ სამარადისო მდუმარების ტყვეობიდან. თავს ვეღარ დაიცავენ, ბრალდება ცილისწამებათა და გაქილიკების წინაშეუმწეონი არიან.თქმულ არს: ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთო…ეს შეგონება უსამართლო განკითხვას უნდა ეხებოდეს.

თამაზ ნატროშვილი, “მაშრიყით მაღრიბამდე”

(Visited 4,136 times, 1 visits today)