სიმართლე და ტყუილი სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ

ყველას გვსმენია სუნთქვითი ვარჯიშების შესახებ. ვიცით, რომ, თითქოს, კარგია… მაგრამ, არ ვაკეთებთ. იმიტომ, რომ რთულია, არ გვცალია და არის ამაში რაღაც არაჩვენებური.

მართლაც, არაჩვენებურია. მაგრამ, არც მობილურებია ჩვენებური და კი ვიყენებთ მშვენივრად.

ყველაზე რთული სუნთქვით პრაქტიკაში ისაა, გაერკვიო: 1) როგორ კეთდება 2) რა სარგებლობა მოაქვს სინამდვილეში 3) როგორ მოვახერხოთ, დავუთმოთ ამას დღეში 5 წუთი.

მივყვეთ თანმიმდევრობით: 1) როგორ კეთდება?

ყველაზე ეფექტური და ადვილად დასამახსოვრებელ მეთოდი (არა იოგისთვის 🙂 )

მეთოდს გაცნობიერებული სუნთქვის პრაქტიკა ჰქვია: 

a) ვსუნთქვავთ ცხვირით (ესაა, რაც უნდა დაიმახსოვროთ (!) ), ყურადღების კონცენტრაციას ახდენთ ნესტოების გარე კიდეებზე, როგორ შევიდა ჰაერი ცხვირში… გააყოლეთ ყურადღება, როგორ ჩავიდა დიაფრაგმამდე და მერე უკან როგორ გამოიარა ჰაერმა გზა და გამოვიდა ცხვირიდან.

სულ ეს არის, უბრალოდ, ყურადრება გააყოლეთ ჰაერის მოძრაობას: ნესტო… დიაფრაგმა და უკან.

რატომ დიაფრაგმა? ჰო, ჰაერი რა თქმა უნდა, ფილტვებში ჩადის, მაგრამ შეგრძნება უნდა დააფიქსიროთ დიაფრაგმის და არა გულ-მკერდის არეში. დიაფრაგმულ სუნთქვაში ჩართულია მუცლის არე, რასაც გამაჯანსაღებელი ეფექი აქვს.

b) ისუნთქეთ მშვიდად და (!) ყურადღება არ მოაცილოთ ჰაერის მოძრაობას.

ამ სუნთქვითი ვარჯიშის საიდუმლო სწორედ ამაშია, ყურადღება დააფიქსიროთ სუნთქვისას ჰაერის მოძრაობაზე ნესტოებიდან დიაფრაგმამდე და უკან.

ახლა პასუხი კითხვაზე: რა სარგებლობა მოაქვს ამ სუნთქვით პრაქტიკას?

ერთხელ დახარჯეთ ამ ვარჯიშზე ზუსტად 5 წუთი. უბრალოდ, 5 წუთი მხოლოდ სუნთქვის პროცესს გააყოლეთ ყურადღება… და თავად მიხვდებით, რაშიცაა მისი სარგებელი: ძალიან ეფექტურად ამშვიდებს.

რის ხარჯზე?

ტვინის გადართვა ხდება უწყვეტი თავისთავადი ფიქრებიდან და ისეთივე შვება მოაქვს, როგორც ძალიან დაღლილზე უცებ რომ ჩაგეძინება და გრძნობ, რომ ფიქრები მოგცილდა.

ფიქრებს უამრავი ჩვენი ენერგია მიაქვს. ყველა ადამიანს აქვს დესტრუქციული ფიქრი… სწორედ ამ ნაკადს ანელებს, ამცირებს ეს 5 წუთიანი სუნთქვითი მეთოდი.

რა პერსპექტივა გაქვთ?

თუ 1 თვის მანძილზე დღეში 5 წუთს დახარჯავთ ამ სუნთქვით პრაქტიკაზე, მეორე თვეს იგრძნობთ, რომ ბევრად უფრო გიადვილდებათ ნეგატიური ფიქრიდან გონების სუნთქვაზე გადატანა.

ეს სუნთქვის მეთოდიკა აქციეთ თქვენს ყოველდღიურ რიტუალად, კბილის გაწმენდასავით, დავარქვათ ამას გონების გაწმენდა.

3) როგორ დავუთმოთ ამ სუნთქვით პრაქტიკას დღეში 5 წუთი?

ეს სავარაუდოდ, ყველაზე ძნელია. მაგრამ, გთავაზობთ გამოსავალს: აიძულეთ საკუთარი თავი 2 კვირის მანძილზე. დაძინების წინ გადით აივანზე, ან დადექით ღია ფანჯარასთან მარტო (ეგ აუცილებელია, ამ დროს მარტო იყოთ ან იმასთან ერთად, ვინც იგივეს აკეთებს) და 5 (!) წუთი საკუთარ თავს დაუთმეთ.

ეს უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე თქვენ ამას წარმოიდგენთ.

ტყუილია, რომ სუნთქვითი პრაქტიკა სრულად გაგათავისუფლებთ ნეგატიური ფიქრებისგან (ამისათვის საჭიროა, ცუდი აღარაფერი მოხდეს… და სანერვიულო აღარაფერი შეგხვდეს).

სიმართლეა, რომ სუნთქვითი პრაქტიკა მოგცემთ უნარს იოლად გამოეთიშოთ ნეგატიურ ფიქრებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

(Visited 2,320 times, 1 visits today)