სიტყვა სვასტიკას მნიშვნელობა ძალიან ახლოსაა ქართულ გამარჯობასთან.
სანსკრიტულ (ძველ ინდო-არიულ ენაზე) სვასტიკა ნიშნავს მისალმებას, იღბლისა და კეთილდღეობის სურვილს.
სვასტიკა, «卐» ან «卍» ზედა პალეოლითის (ქვის) ხანიდან მოყოლებული (50 -10 000 წელი ჩვ.წ.-მდე ), თითქმის ყველა კულტურაში გვხვდება.
სხვადასხვა ხალხში სვასტიკას განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იყო მოძრაობის, სიცოცხლის, მზის, სინათლის, კეთილდღეობის სიმბოლო… სანამ 20 საუკუნეში ნაცისტებმა მას სამყაროს თვალში სრულებით საპირისპირო მნიშვნელობა არ შესძინეს.
სვასტიკა სხვადასხვა კულტურაში, საინტერესო ფაქტები
სვასტიკა (स्वस्तिक) ორი სანსკრიტული ფუძისგან შედგება – სუ – სიკეთე და ასტი – არსებობა.
სვასტიკა ქრისტიანულ ტაძრებსა და ეკლესიის მსახურთა სამოსზეც გვხვდება. უფრო მეტად სლავურ მართმადიდებლურ ეკლესიებში.
ბუდიზმში სვასტიკას მხარეები საათის ისრის საწინააღმდეგოდაა მიბრუნებული.
მას “გულის ბეჭედი” ეწოდება.
ითვლება, რომ იგი ბუდას გულზე იყო აღბეჭდილი. მისი მნიშვნელობა კი ასეთია: ეს არის სიყვარულის, თანაგრძნობის, სიმტკიცის, სიბრძნისა და ძალის ერთიანობა. რადგან მარტო სიყვარული და თანაგრძნობა უძლურია სიმტკიცისა და ძალის გარეშე, ხოლო ძალა და სიბრძნე თანაგრძნობის გარეშე ბოროტებად იქცევა.
სვასტიკა – საკრალური სიმბოლოა ინდურ რელიგიებში, ჩინეთსა და იაპონიაში. ასევე ნეპალსა და სამხრეთ კორეაში.
ბავშვისთვის თავის გადაპარსვა და სვასტიკის გამოსახვა უკავშირდება უპანაიანას Upanayana ტრადიციას.
უპანაინას ტრადიცია, რომელშიც სვასტიკას სიმბოლო გამოიყენება
უპანაიანა ნიშნავს – “ძღვენის მირთმევას”, “შეყვანას”, “კურთხევას” – ეს ინდუისტური რიტუალი უტარდებათ 3 უმაღლესი კასტის მამრობითი სქესის ახალგაზრდებს, ბრაჰმანების(ქურუმების, მეცნიერების კასტა) , ქშატრიების (მეომრებისა და მმართველების კასტა) დავაიშების (მიწათმოქმედების, ხელოსნებისა და ვაჭრების კასტა) წარმომადგენლებს.
ახალგაზრდას აკურთხებენ ინდუისტთა საღვთო წიგნის, ვედების შესასწავლად. იგი გულისხმობს ბავშვობის დასასრულებასა და უმაღლეს კასტაში (რასაც ვარნა ეწოდება) შესვლას.
ბრაჰმანთა შთამომავლები უპანაიანას რიტუალს გადიან 7 წლის ასაკში.
ქშატრიების შთამომავალნი – 13 წლის ასაკში.
ვაიშიების შთამომავალნი – 17 წლის ასაკში.
ინდოეთში ეს რიტუალი ითვლება მეორედ დაბადების ტოლფასად, სულიერ დაბადებად. ის, ვინც ამ რიტუალს არ გაივლიდა, საზოგადოებიდან მოკვეთილად ითვლებოდა. ბიჭს ახალ სახელს აძლევენ. ახალგაზრდა ცხოვრების 4-დან 1 სტადიაში შედის, რასაც მოწაფის სტადია ეწოდება (ბრაჰმაჩარი).
სვასტიკის ქართულ ვარიანტად მიჩნეულია ბორჯღალა. ბორჯღალას 7 რკალი აქვს. ეს სიმბოლო გვხვდება უძველეს თრიალეთის კულტურაში (ძვ. წ 3000-2000 წლები). ბორჯღალა, ისევე, როგორც სვასტიკა, მზის სიმბოლოა.
სვასტიკა დასავლურ კულტურაში, სანამ მას ნაცისტები მიითვისებდნენ
სვასტიკამ 19 საუკუნის ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას ფართოდ იყენებდნენ, როგორც ბედნიერების და წარმატების სიმბოლოს.
სვასტიკა იყო ლუდი “კალსბერგის” სიმბოლო, ბოისკაუტების მოძრაობის სიმბოლო, ამერიკელი სამხედროები ხმარობდნენ ამ სიმბოლოს 1 მსოფლიო ომის დროს, ესტონელები, წითელი არმია, ფინელები, 1939 წლამდე იგი ბრიტანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებზე იყო გამოსახული…
მშვიდობიანი სვასტიკას ისტორია 2 მსოფლიო ომთან ერთად დასრულდა.
ნაცისტები და სვასტიკა
19 საუკუნეში ფრანგმა მწერალმა ჟოზეფ გობინომ დაწერა წიგნი “კვლევა სხვადასხვა რასის არათანასწორობის შესახებ”, სადაც პირველად იხმარა ტერმინი “არიელები”. ქერათმიან და ცისფერთვალა თეთრკანიან ადამიანებს უმაღლესი რასა უწოდა.
ამავე დროს გერმანელმა მეცნიერებმა, სანსკრიტული ტექსტების თარგმნისას იპოვეს საერთო “ვედების” დამწერებსა და გერმანელებს შორის… ასე დაიბადა არიული თეორია, რომლის თანახმადაც გერმანელებსა და ინდოელ არიელებს საერთო წინაპრები ჰყავდათ – არიელ მეომართა კეთილშობილი რასა.
20 საუკუნეში იდეა ძალიან მოეწონათ ნაცისტებს, რომლებიც, 1 მსოფლიო ომში დამარცხების მერე დიადი იდეის ძიებაში იყვნენ, რათა “მუხლებიდან წამოეყენებინათ” გერმანელი ხალხი.
1920 წელს ჰიტლერმა დაამტკიცა სვასტიკა, როგორც გერმანელ მუშათა ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის სიმბოლო. ჰიტლერისთვის იგი გახდა “არიული რასის გამარჯვების სიმბოლო”, მისი მისტიური მნიშვნელობა კი სწორედ ინდურ სვასტიკას უკავშირდებოდა.
1933 წელს ნაცისტური სვასტიკის გამო, ამერიკელმა სკაუტებმა მოაშორეს სვასტიკა თავიანთი სიმბოლიკიდან.
სვასტიკის სიმბოლო სხვადასხვა კულტურაში




















