Dama de Elche – ესპანურ–იბერიული ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლადაა მიჩნეული. მისი აღმოჩენის ისტორია ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორადაც თავად ბიუსტი.

Dama de Elche აღმოაჩინეს შემთხვევით, 1897 წლის 4 აგვისტოს, კერძო სამფლობელოში, ესპანეთის პროვინცია ალიკანტეში, ქალაქ ელჩეს მახლობლად.

ქანდაკება კერძო კოლექციონერმა შეიძინა და პარიზში წაიღო, სადაც იგი ლუვრში იქნა განთავსებული და სენსაციური გამოხმაურება ჰქონდა.

მეცნიერებმა ანტიკური იბერიული ხელოვნების ახალი უცნობი ფურცელი გახსნეს.
1941 წელს საფრანგეთის ვიშის რეჟიმმა ქანდაკება ესპანეთის მაშინდელ დიქტატორს ფრანკოს გადასცა. ფრანკომ ქანდაკება პრადოს მუზეუმში განათავსა.

ამჟამად იგი მადრიდის არქეოლოგიურ მუზეუმშია განთავსებული.

ქანდაკება თარიღდება ჩვ.წ–მდე 4 საუკუნით, არის ქვის პოლიქრომული ბიუსტი ლამაზი თავსაბურავითა და გასაოცრად რთული თმის ვარცხნილობით.

მას უკან ნახვრეტი აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეიძლება ფერფლის შესანახი ურნა იყო.

ზოგიერთების აზრით, ეს ფინიკიელი ქალღმერთი ასტარტაა.

უდავო მხოლოდ ერთი რამაა, ეს ქალი – ულამაზესია.

ვინ არიან იბერიელები?
ამ სახელით ანტიკურ წყაროებში მოიხსენიება ორი ხალხი: აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა და ესპანეთის მოსახლეობა, რომელიც იქ ინდოევროპულ ენაზე მოლაპარალე ხალხის მოსვლამდე ცხოვრობდა.